იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მართლმსაჯულების რეფორმის პროექტს წარადგენს.
როგორც ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პაკეტის მიზანი სასამართლოსთვის კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობის გარანტია.
ასევე რეფორმის მიხედვით უნდა შეიცვალოს უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა. საუბარია ასევე, ცვლილებებზე უზენაესი სასამართლოს პლენუმის შემადგენლობაში.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა გაუქმდეს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების მოადგილეების პოზიციები.
საკითხებზე საუბრის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა დიდი დრო დაუთმო წინა ხელისუფლების დროს არსებული სასამართლო სისტემისა და კონკრეტული მოსამართლეების კრიტიკას. თეა წულუკიანის მტკიცებით, რეფორმის გატარების შემდეგ, სასამართლო იქნება ბევრად უფრო თავისუფალი.
"თავიდან, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში აზრები გაიყო. ნაწილი მხარს უჭერდა იმას, რომ ე.წ. გირგვლიანის, მიშას, კუბლაშვილის მოსამართლეები სამაგალითოდ დაგვესაჯა, გაგვეშვა შინ, ან ჩაგვესვა ციხეში, მერო ნაწილი მხარს უჭერდა უფრო მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკას. იმისთვის, რომ ჩვენ არ გაგვემეორებინა ის რაც გააკეთა თავის დროზე იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილმა, როდესაც ეგონა, რომ სასამართლოს რეფორმას ატარებს და რეფორმა დაარქვა ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს პოლიტიკა შემდეგ გაგრძელდა და ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლაში მოყვა არაერთი მოსამართლე, რომელიც არ უნდა მოყოლილიყო და ამ უსამართლო ბრძოლის ალბათ ერთ-ერთი კარგი მაგალითი გახლავთ ამჟამინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი მიესალმება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, ირაკლი ადეიშვილისთვის მოსამართლის უფლებამოსილების განუახლებლობის შესახებ.
,,ის არის მოსამართლე, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში ბრძანდებოდა, იყო მოვლენილი წინა მთავრობის მიერ და ამტკიცებდა, რომ სანდრო გირგვლიანი არავის მოუკლავს, ის ბუჩქებზე წაიქცა და ამგვარად შემთხვევით გამოიჭრა ყელი. დიახ, ასეთი მოსამართლეები უნდა წავიდნენ. ის მათ შორის გირგვლიანის მოსამართლეებს პირდებოდა, რომ როდესაც ისინი 10 წელს ამოწურავდნენ, გადაინიშნებოდნენ სამუდამოდ. ეს ვერ მოხდება და ამის პირობას მე გაძლევთ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.