დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა 2009 წლის შესახებ ანგარიში "ომის შემდგომი გამოწვევები და პერსპექტივები" გამოაქვეყნა. როგორც კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, აქ ასახულია ექსპერტების მიერ 2009 წლის ომის შემდგომი მოვლენების შეფასებები.
"ჩვენ მიერ მომზადებული ანგარიში პარლამენტის წევრებს გადავუგზავნეთ, თუმცა მათგან გამოხმაურება არ მიგვიღია და იმ კრიტიკაზე, რომელიც ხელისუფლებას ეხება, სრული დუმილია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მოსაზრებებს ისინიც იზიარებენ, რადგან დუმილი თანხმობის ნიშანია", - განაცხადა ცისკარიშვილმა ანგარიშის პრეზენტაციაზე.
ექსპერტთა კლუბის წევრის, ლადო პაპავას განცხადებით, ანგარიშში ასახულია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარობა, რომელიც კატასტროფულია.
"მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, ხელისუფლების მხრიდან მაინც ვისმენთ კურიოზულ განცხადებებს. ჯერ 2008 წელს აცხადებდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქართველოს არ შეეხებოდა, შემდეგ იძახდნენ, რომ საქართველოში კრიზისი იყო, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით ადვილად გადავიტანეთ და ახლა კი აცხადებენ, რომ კრიზისი დასრულებულია, რაც რელობასთან ახლოს არ არის", - აღნიშნა პაპავამ.
ანგარიში, რომელსაც ჰქვია "აგვისტოს ნანგრევებში", "ღია საზოგადოება - საქართველოს" თანადგომით მომზადდა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიში საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებს და დევნილ მოსახლეობას გადაეცემა. ანაგარიში ორენოვანია, ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადებული და მას თან ახლავს კომპაქტდისკი, სადაც ჩაწერილია აუდიო- და ვიდეომასალა.