ძალიან მოულოდნელად დაიწყო ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი. წინა ოთხთა ფინალის მონაწილეებიდან მხოლოდ უნგრეთის ვესპრემმა მიაღწია ფრეს, ხოლო ბარსელონა, კილი და კელცე დამარცხდნენ.
მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა გერმანიაში დამარცხდა ლიოვენთან - 21-22 და
არც ბარსას ყოფილ ლიდერს, ნიკოლა კარაბატიჩს ჰქონია კარგი დღე - მისი ახალი
გუნდი, პარი სენ ჟერმენი, ლიგის 2014 წლის გამარჯვებულთან, ფლენზბურგთან
განადგურდა - 32-39. კარაბატიჩმა და მიქელ ჰანსენმა ჯამში 16 გოლი
გაიტანეს, მაგრამ ბევრად უკეთესები იყვნენ დანიელი ანდერს ეგერტი (13) და
შარშანდელი ოთხთა ფინალის გმირი, ჰოლგერ გლანდორფი (9).
გერმანიის კილმა უშანსოდ წააგო ზაგრებში - 22-29, ხოლო პოლონეთის კელცე
30-31 დამარცხდა უნგრეთის სეგედთან. სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ფრანგული
მონპელიეს საშინაო მარცხი სკოპიეს ვარდართან, 25-30. მაკედონიურ კლუბში
საუკეთესო იყო ესპანეთის ნაკრების მარჯვენა შუამარბი ხორხე მაკედა - 6
გოლი.
ლიგის ერთადერთი ქართველი მონაწილის, სერგო დათუკაშვილის ვოივოდინამ
ბელარუსის მეშკოვ-ბრესტთან წააგო - 22-24, დათუკაშვილს არ უთამაშია.