,,ჩვენს წინააღმდეგ არის არა მხოლოდ ქიბერ ხალვაში, არამედ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენელიც არის მოსამართლე ურთმელიძე” - ამის შესახებ ,,რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე „ქიბერ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ“ მოსამზადებელი სხდომა დასრულდა. სხდომაზე მოსამართლემ „რუსთავი2“-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ამასთან ქიბერ ხალვაშის მხარეს, საქმეში ორი მოწმის დაკითხვაზე, უარი უთხრა.
,,აღმოჩნდა, რომ სასამართლომ სამივე შუამდგომლობაზე უარი თქვა. მოსამართლემ არ აიცილა საქმის განხილვა. არ გადასცა საქმე კოლეგიას. ასევე, ზეპირი მოსმენა გვინდოდა ჩვენს ყადაღასთან დაკავშირებულ საჩივარზე და აღმოჩნდა, რომ არამცთუ არ დააკმაყოფილა, არამედ ეს უკვე განიხილა და უარი გვითხრა. დაგვტოვა დაყადაღებულები და გადაგვიგზავნა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე ურთმელიძე არის დაინტერესებული მხარე ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენს წინააღმდეგ არის არა მხოლოდ ქიბერ ხალვაში, არამედ სახელმწიფო, რომლის წარმომადგენელიც არის ურთმელიძე. ყველა პროცესზე მოვითხოვთ მის აცილებას, იმიტომ რომ არ ვენდობით ამ მოსამართლეს. დღევანდელი დღით, ტურავას სტატუსი დაიმსახურა მხოლოდ“, -განაცხადა გვარამიამ.
სხდომის თარიღის შესახებ მხარეებს სასამართლო მოგვიანებით შეატყობინებს.