მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვერ იმსჯელებს, რადგან გიგი უგულავას მის განსახილველ საქმეზე არ აქვს პატიმრობა შეფარდებული. უგულავამ მოსამართლეს მიმართა, თუ არ განიხილავს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხს, მაშინ მიმდინარე სხდომა შეწყდეს. ბრალდებული პროცესის გადადებას მოითხოვს მანამ, სანამ საქალაქო სასამართლო არ განიხილავს უგულავას ადვოკატების შუამდგომლობას წინასწარი პატიმრობის შეწყვეტაზე.
"ახლა ნახეთ, რა დაიწყება საქალაქო სასამართლოში - ერთი პროკურორი ცუდად გახდება, მეორე პანაშვიდზე წავა. პროკურორ გიგა ძნელაძეს მივმართავ - ჩემს ადვოკატს კონდახიშვილს პანაშვიდზე წასვლა რომ დაუწუნე, ახლა თქვენ უნდა იაროთ პანაშვიდებზე და სიმპოზიუმებზე? შევწყვიტოთ დღეს ეს საქმე. ადვოკატი მზად არის დასკვნითი სიტყვისთვის, მაგრამ შემდეგი სხდომისთვის მოგახსენებთ. დღეს არც მე ვაპირებ დასკვნითი სიტყვის თქმას ამ ემოციურ ფონზე", - თქვა უგულავა.
ბრალდებულის ამ განცხადებას პროკურორი გიგა ძნელაძე შეეწინაღმდეგა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შემხებლობაში არ არის ამ საქმესთან და დღევანდელი სხდომა უნდა გაგრძელდეს.