დღეს, 5 მაისს, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავენ.
დოკუმენტში ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის ფაქტებიცაა ასახული. ანგარიშს უკვე გაეცნო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი და დოკუმენტი ოფიციალურად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ანგარიში 1000-ზე მეტი დევნილის ჩვენებას ეფუძვნება.
"დოკუმენტი გვაძლევს ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, კერძოდ იმის, რომ აგვისტოს ომში ჩატარებული ე.წ. მშვიდობის უფლების ოპერაცია, როგორც დღეს მას რუსეთში უწოდებენ, ფაქტიურად იყო მიზანდასახული ეთნიკური წმენდა. ეს წმენდა იყო დაგეგმილი, მომზადებული და სამწუხაროდ, წარმატებით ჩატარებული", - აცხადებენ ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოში".