ოზურგეთში "ნაციონალური მოძრაობის" სამი აქტივისტი – ილია მალაზონია, დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯების ბრალდებით დააკავეს - ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს განუცხადეს.
უწყების ცნობით, შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სამი პირი, რომლებმაც ოზურგეთის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ბანერი კანონდარღვევით დაამაგრეს.
სამივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში პრემიერის სტუმრობისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მრავალსართულიან საცხოვრებულ კორპუსზე ბანერი წარწერით: „მატყუარა მთავრობა“ გამოფინეს. სამართალდამცველებმა ბანერი ჩამოხსნეს და მისი გაკვრისთვის სამი პირი დააკავეს.