შვეიცარიის გენერალური პროკურორი, მიკაელ ლაუბერი აცხადებს, რომ კორუფციის თაობაზე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყადაღა დაედო შვეიცარიის ალპებში მდებარე ბინებს და სხვა სახის საკუთრებას.
ლაუბერმა 14 სექტემბერს განაცხადა, რომ მოპოვებულია დამატებითი მტკიცებულებები და გამომძიებლების ყურადღების ცენტრში მოექცა 121 საბანკო ანგარიში.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ლორეტა ლინჩმა განაცხადა, რომ ამერიკელმა და შვეიცარიელმა კოლეგებმა ფიფას გარშემო გამოძიება გააფართოვეს და „ახალი მტკიცებულებების“ საფუძველზე სავარაუდოდ დაპატიმრებები იქნება.
ლინჩს არ დაუკონკრეტებია ვის დააპატიმრებენ და არც ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის სამოგზაურო გეგმებზე უთქვამს რაიმე. ბლატერი აცხადებს, რომ პროცესთან არაფერი საერთო აქვს, თუმცა თებერვალში განაცხადა, რომ პოსტიდან გადადგებოდა, ფიფაში სისტემური კორუფციის შესახებ ბრალდებების ფონზე.
ამ ეტაპზე აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 14 პირს წაუყენა ბრალი ქრთამის აღებაში, საერთო ჯამში 150 მილიონ დოლარზე დიდი ოდენობით, 24 წლის განმავლობაში. შვეიცარიის უწყებები იძიებენ 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების გაცემის პროცესს, რასაც თან ახლავს ვარაუდები, რომ რუსეთმა და ყატარმა შესაძლოა დაკარგონ ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.