ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა 26 კლუბის მოთხოვნის განხილვა -ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ, დეკემბრისთვის გადადო.
დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ამ კლუბების ბედი აღმასკომის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდება, ეს სხდომა სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.
"აღმასკომმა ჩათვალა, რომ კლუბებს არჩევნების წინ გაწევრიანების საშუალება არ მიეცემათ. ამისთვის საჭიროა რიგგარეშე ყრილობა, რასაც არ ვეთანხმებით. კერძო მესაკუთრე კლუბების უფლება არის იყვნენ წევრები. ყველამ აგოს თავის წილი პასუხისმგებლობა, მე ვიყავი წინააღმდეგი,"- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს თბილისის დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ.
სხდომის შედეგით უკმაყოფილოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია. ის აღნიშნულ საკითხზე ლევან კობიაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
"უნდა შევხვდე ჩემს თანამზრახველებსაც, მათ შორის ლევან კობიაშვილსაც. ამ ხალხს საკუთრებათ მიჩნიათ ეს შენობა და ქართული ფეხბურთი ასე გაგრძელება არ შეიძლება,"- აცხადებს მამუკა კვარაცხელია.
რაც შეეცება ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, იგი აცახდებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის წევრობაზე უარი არავისთვის უთქვამთ, მაგრამ კლუბების მიერ დოკუმენტაცია არ იყო სრულად წარმოდგენილი.
,,ჩვენ პირველივე შესაძლებლობაზე წლის ბოლომდე რიგგარეშე ყრილობას ჩავინიშნავთ და იქ განვიხილავთ გუნდების გაწევრიანების საკითხს", - განაცხადა ფირცხალავამ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, ფედერაციის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით მხოლოდ რეგიონული ფედერაციების მიერ წარმოდგენილი 35 დელეგატი ისარგებლებს, 26 გუნდის ფეხბურთის ფედერაციაში წევრად გახდომის შემთხვევაში კი ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები 3 ოქტომბერს არის ჩანიშნული. მასში მონაწილეობას სამი კანდიდატი, ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებენ.