გურჯაანის საქალაქო სასამართლოს, საპროტესტო აქციაზე დაკავებულთათვის ადმინისტრაციული სახდელი არ დაუკისრებია. კურიერის ინფორმაციით, ამ საკითხზე სასამართლო 18 სექტემბერს იმსჯელებს.
რაც შეეხება სასამართლოსთან მიმდინარე აქციას ის უკვე დასრულდა. დაკავებულებმა კი კომენტარი არ გააკეთეს. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გურჯაანში, თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
თელავი-გურჯაანის მთავარი მაგისტრალი მევენახეებმა დღეს გადაკეტეს. კახეთში რთველი 2015 გუშინ, საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. კახეთში უკვე გაიხსნა ოთხი ქარხანა - ყველა მათგანი სახელმწიფო ან მის მიერ დაქირავებულია. ქარხნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფასის გადახედვას არ აპირებენ. თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს.