გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატი ზაქრო გვიშიანი რომელსაც დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად ვადა 18.00 საათამდე მიეცა, მისი დაცვის ქვშ მყოფთან შეხვედრას გეგმავს. თუკი, მოსამართლის მიერ მიცემულ სამ საათში ადვოკატი დასკვნითი სიტყვისთვის არ მოემზადება, სასამართლო შემდგომ ეტაპზე გადავა.
როგორც სახაზინო ადვოკატმა "იმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სასამართლო სხდომაზე განაცხადა, უგულავას მისი ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზი არ მოეწონა.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გავაცანი კონდახიშვილის არმოსვლის მიზეზი, გიგი უგულავას, რომელიც გამოირჩევა სასამართლოს მიმართ პატივისცემით, მაინცდამაინც არ მოეწონა ეს მიზეზი და ამას დააფიქსირებს საბოლოო სიტყვაში", - განაცხადა გვიშიანმა.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18.00 საათზე განახლდება.