პატიმრობაში მყოფმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალიამ შიმშილობა დაიწყო. როგორც ახალაია სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზეზი სასამართლოს უსინდისო და ამორალური ქცევა გახდა.
,,სასამართლოს უსინდისო და ამორალური ქცევა უკვე აჭარბებს ყოველგვარ ზღვარს. დღეს ერთი საათით ადრე გავიგე, რომ ჩემი სასამართლო პროცესი, რომელსაც წელიწადზე მეტია ველოდები კვლავ გადაიდო გაურკვეველი ვადით, ისეთივე ხრიკებით, როგორც ეს პროკურატურას და სასამართლოს ჩვევია. ეს შეიძლება არ ჩათვლილიყო საგანგაშოდ, რომ არა ის ძლიერი ზეწოლები მოწმეებზე, რასაც ახლა უკვე თან ახლავს ზეწოლის სრულიად ამორალური და ბინძური ფორმები. მე პირადად არ ვთვლი, რომ შიმშილობა ეს პროტესტის ან აზრის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა, მაგრამ ამჯერად მას სამწუხაროდ ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის მტკიცე განაცხადი, რომ უსინდისობის, ამორალურობის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ვერაფრით დათრგუნავენ. ამავდროულად ჩემი მხრიდან პერსონალური სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთი ზეწოლის ქვეშაა მოქცეული, მიუხედავად იმისა გაუძლებენ ისინი ამ ზეწოლას თუ ვერა.სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის გადადებული, ყოველივე ზემოაღნიშნული კი ხელს უწყობს ადამიანების ჩაგვრას. ჩემი მოთხოვნა კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც და საზოგადოებასაც გაგაგვებინოს სასამართლომ სხდომის თარიღი, რაც ცოტაოდენი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ადამიანებს, რომლებმაც არც კი იციან კიდევ რამდენ ხანს უნდა იმყოფებოდნენ ასეთ ტანჯვაში”, _აცახდებს ახალაია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ.