ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების საქმეზე არსებით განხილვაზე დღეს ჩვენება ოთხმა პირმა მისცა. მათ შორის ერთმა ექსპერტმა, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მერაბ ბაღათურიამ და კრიმინალური პოლიციის ორმა თანამშრომელმა.
პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ
სროლა არ განხორციელებულა პოლიციის მისამართით და პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი ვაზაგაშვილს და მის ავტომობილში მსხდომ პირებს.
,,კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შემდგომ შეთხზული ცრუ ვერსიის შესაბამისად მოხდა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია. კერძოდ, მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება, ექსპერტიზების გაყალბება და შეიქმნა სურათი, თითქოს ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანიდან მოხდა თავდასხმა პოლიციის მიმართულებით, რაც სიცრუეა და ეს დამტკიცდება“, - აცხადებს პროკურორი.
ბრალდებულების ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით კი, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებით არ დასტურდება ბრალდებულების ბრალეულობა, რადგან ეს მოწმეები ე.წ. კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველები არ ყოფილან.
კორტების სპეცოპარციის საქმეზე ბრალდების მხარის დაკითხვის ეტაპით სასამართლო სხდომა 10 სექტემბერს, 11:00 საათზე განახლდება.