ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაპირისპირება მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაპირისპირება მოხდა. სასამართლოზე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ ვიდეო მასალის ჩვენება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც სხდომაზე ვიდეომასალის ჩვენება დაიწყო, ზურაბ ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ალექსანდრე ხუბულოვის სიდედრმა ბრალდებულების მიმართ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა, რასაც დარბაზში დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა.
ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლემ კი დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პირს შეაფურთხა, რის შემდეგაც მანდატურებმა ის დარბაზიდან გაიყვანეს.
ასევე სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს ხუბულოვის სიდედრი რუსუდან თურმანიძე.
მისი თქმით, ალექსანდრე ხუბულოვს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა და ათი წელია განცხადება არ გაუკეთებია, დღეს კი ბრალდებულების გამოსვლების შემდეგ, თავი ვეღარ შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილისა და და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა პროკურატურამ მომხდარიდან 7 წლის შემდეგ გამოაცხადა გახსნილად და 11 პირი დააკავა. დაკავებულების - ფირცხალავას, ნაკანის, ბეროძის, ცააძისა და კვინიკაძის საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 6 სპეცრაზმელის კი - ცალკე.