ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ირწმუნება, რომ 3 ოქტომბრისთვის დაგეგმილ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, ხელისუფლებიდან ვერავინ ჩაერევა. როგორც ყოფილმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რევაზ არველაძესთან შეხვედრაზე, მმართველი კოალიციის წევრების გამოჩენა, მხოლოდ პირადი მოსაზრებების გამოხატვას ნიშნავს.
„ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა და ვერავინ ვერ გაბედავს ეს განახორციელოს, მეტიც, მე ზოგიერთი კანდიდატის პრეზიენტაციაზე დავინახე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, კოალიციის ლიდერები, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტულ, ერთ-ერთ კანდიდატს, ეს არა მგონია ჩარევა იყოს. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს რასაც ვუყურებთ, 35 ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება. მოიძიეთ სხვა ნორმალურ ქვეყნებში როგორ ხდება, რამდენი დელეგატი ირჩევს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ზოგადად, დემოკრატიული მიმართულებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია” - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება დღეს სრულდება. ამ დროისთვის კი კანდიდატებად დარეგისტრირებული არიან : რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. არჩევნები 3 ოქტობერს გაიმართება.