შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფისთვის სასჯელაღსრულების სამინისტრო, პირველ ეტაპზე 200 სამაჯურს შეიძენს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თავდაპირველად სამაჯურებით, არასრულწლოვანი პირები ისარგებლებენ.
"შინაპატიმრობა უნდა ამოქმედდეს 2015 წლის სექტემბრიდან. აქედან გამომდინარე, დავადგინეთ კომპანია, რომელიც აწარმოებს და 30 ქვეყანაში ამუშავებს ელექტრონულ სამაჯურებს შინაპატიმრობის უზრუნველსაყოფად. უკვე გვქონდა მასთან მოლაპარაკებები. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის უზრუნველყოფის მიზნით, თავდაპირველად ვგეგმავთ შევიძინოთ 200 ერთეული შესაბამისი სამაჯური თავისი სერვერებით და მომსახურებით", - განაცხადა კახიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული 5200 ათასი ამერიკული დოლარი ჯდება.
"ეს იქნება ახალი ეტაპი მართლმსაჯულების სფეეროში, რადგან მსგავსი მექანიზმი პირველია რეგიონში. სამაჯურების დამკვიდრება მნიშვნელოვნად შეამცირებს შემდგომში პატიმრების რაოდენობას", - დასძინა მინისტრმა.