თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას უკვე მეექვსე ადვოკატი შეეცვალა. რიყის ტერიტორიის საქმეზე პროკურორი მალხაზ კაპანაძე მიიჩნევს, რომ უგულავას მხარეს პროცესს განზრახ აჭიანურებს, რისი მიზეზიც თავად უნდა ახსნან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის საქმეზე პროკურორმა განაცხადა, რომ დღეს დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უნდა გაეგრძელებინა, თუმცა ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კვლავ არ გამოცხადდა.
მისი თქმით, ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც, არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ პროცესზე არ გამოცხადდება. აქედან გამომდინარე კი, უნდა მოხდეს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა.
პროკურორის ინფორმაციით, ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა პროცესი, რომელზეც, გადაწყდება ტექნიკური დეტალები. რაც შეეხება ადვოკატის გამოუცხადებლობას, კაპანაძემ აღნიშნა,რომ ეს გიგი უგულავას უკვე მეექვსე ადვოკატია, დაცვის მხარე კი ამ დრომდე დასკვნით სიტყვას არ ასრულებს, რაც მისი თქმით, პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას უკავშირდება.