ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის რევაზ არველაძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2020 წელს უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე.
სასტუმრო "რედისონში" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დაწყებამდე, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროგრამაში აქვს ყველა დეტალი, რომელიც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის.
,,წარმატება არის ჩვენი ყველაზე მთავარი ლოზუნგი. საქართველოს ნაკრები 2020 წელს უნდა მოხდეს ევროპის ჩემპიონატზე. განვითარება წარმატების გზით სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ მარტო განვითარებაზე და არ ვიფიქროთ შედეგზე. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს მაყურებელი სტადიონზე, რასაც მოჰყავს ბავშვები ფეხბურთზე და რაც მშობელს აწყვეტინებს, რომ ბავშვები მიიყვანოს ფეხბურთზე. იმ შემთხვევაში, თუ გავხდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი მწვრთნელი, უფრო განათლებული მენეჯმენტი, უფრო ძლიერი კლუბები და ამაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც", - განაცხადა არველაძემ.
მისივე თქმით, მას საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა იმისთვის, რომ ყველა საკითხზე რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, მის პროგრამაში მოხვდეს და ამაზე იზრუნოს.
"რედისონში" გამართულ პრეზენტაციას ესწრებიან ბიზნესმენები ლევან ვასაძე, თემურ ჭყონია, ასევე პოლიტიკოსები გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და ერეკლე ტრიპოლსკი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტოსბი კანდიდატი ლევან კობიაშვილი საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების წარმომადგენლებს გუშინ შეხვდა და ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. უკვე ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო კობიაშვილის ერთ-ერთი წარმდგენი იქნება ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.