სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისში სარაგბო ბაზას "აია-არენა" დღეს ოფიციალურად გახსნის.
სამინისტროს ინფორმაციით, ბაზა ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო. ბაზაზე განთავსებულია 4 მოედანი - 3 სათამაშო და 1 სავარჯიშო. ცენტარლური სტადიონი 4 860 მაყურებელზეა გათვლილი, მეორე მოედანი 1 330 მაყურებელს იტევს, მესამე სტადიონი კი 751 ადგილიანია. კომპლექსი აღჭურვილია საკონფერენციო, სატრენაჟორო და მოსასვენებელი ოთახებით, VIP,PღEშშ და მატჩის კომისრის ლოჟებით, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის კაბინეტებით. მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა.
"აია-არენას" ტერიტორია მოიცავს 9 ჰექტარს და საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი სარაგბო ბაზაა. ქუთაისის სარაგბო ბაზა "აია-არენა" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით ასოციაცია "ატუმ" მოაწყო.
დღევანდელ ღონისძიებას დაესწრებიან: სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ქ. ქუთაისის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, "ქართუ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლილუაშვილი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე.
რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა არაერთი პროექტი: 1. თბილისში აშენდა სარაგბო ბაზა "ლელო არენა" 2. ფოთში აშენდა სარაგბო ბაზა "პარკი-არენა" 3. ქუთაისში აშენდა სარაგბო ბაზა "აია არენა", მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 4. თბილისში აშენდა "შევარდენის" სანაკრებო ბაზა 5. მოეწყო ავჭალის რაგბის სტადიონი 6. ვარკეთილის სარაგბო სკოლაში მოეწყო ხელოვნურსაფარიანი მოედანი 7. აშენდა რუსთავის სარაგბო ბაზა 8. აშენდა მარტყოფის სარაგბო ბაზა, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა 9. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაიწყო სარაგბო ბაზის მშენებლობა 10. დასასრულს უახლოვდება გორის სარაგბო ბაზის მშენებლობა 11. მომავალ წელს დასრულდება ბათუმის სარაგბო ბაზა 12. თელავში დაიწყო ორმოედნიანი კომპლექსის მშენებლობა.