ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა საკუთარი პროგრამით გამარჯვების იმედი აქვს.
სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხურთო კლუბებთან შეხვედრის შემდეგ კობიაშვილმა განაცხადა, რომ მის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ეროვნულ ჩემპიონატს უკავია.
"სუბიექტების მხრიდან ხმის მიმცემ დელეგატებად არიან ჩასმულნი ადამიანები, რომლებიც ფედერაციის თანამშრომლები არიან და დასკვნები საზოგადოებამ თავად გამოიტანოს თუ რამდენად სამართლიანად ტარდება არჩევნები. 35 სუბიექტიდან 22 პირდაპირ ფედერაციაზეა მიბმული და იქიდან ფინანსდება. მე ის იმედი მაქვს, რაც ყოველთვის მქონდა, რომ ჩემი გზა ვიცი, ჩემი პროგრამა მაქვს. შევხვდები მათ, გავესაუბრები, გავაცნობ ჩემ პროგრამას და დანარჩენი ვნახოთ თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - აღნიშნა კობიაშვილმა.
იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად ხვალ, 14:00 საათზე დარეგისტრირდება. მისი წარმდგენი, წინასწარი ინფორმაციით, თბილისის "დინამო" იქნება.