საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში რუსეთი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ პირველობაში პირველივე შეხვედრა ტუნისთან მოიგო და შემდეგ მონღოლეთის ნაკრებთან წააგო.
მარცხის შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები რეპეშაჟში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. პირველები ტატამზე 66 კგ. წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავიდნენ. ამირან პაპინაშვილმა მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო. მან სამი იუკოთი წააგო. 73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მესამე შეხვედრა უშანგი მარგიანმა (81) წააგო, რომელიც მეტოქესთან ვაზარით და ერთი იუკოთი დამარცხდა. 90 კგ. წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა გამარჯვებით ანგარიში გაათანაბრა - 2:2. მეხუთე შეხვედრაში ლევან მატიაშვილმა რუსი ძიუდოისტი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
ქართველი ძიუდოისტები მესამე ადგილისთვის იაპონიასა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.