საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. გადაწყვეტილება აღნიშნულის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა მიიღო.
როგორც ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, მსურველებს საკუთარი კანდიდატურის წარდგენა ხვალიდან, 15 აგვისტოდან შეეძლებათ.
სიჭინავამ განმარტა, რომ კანდიდატურების წარდგენა არჩევნებამდე 25 დღით ადრე შეწყდება.
"ფედერაცია ელოდება კანდიდატურების წარდგენას", - განაცხადა სიჭინავამ, რომელიც ახალ არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს.
ამ დროისთვის ცნობილია ორი სავარაუდო კანდიდატი, სფფ-ის გენერალური მდივნი რეზი არველაძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი.