სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ახალი დასავლური სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო სამსახურის ავტოპარკი და ოფისი გახსნა. ავტოპარკში განთავსებული მანქანები კატეგორიების მიხედვითაა დიფერენცირებული და განკუთვნილია არასრულწლოვანი, ქალი და ყველა რისკის სრულწლოვანი მამაკაცი მსჯავრდებულებისათვის. აქვეა, თანამედროვე სტანდარტების რეანომობილები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში მსჯავრდებულების დროულ და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ მაღალი რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილები ანტივანდალური საკნებითა და შესაბამისად, თვითდაზიანების პრევენციის მექანიზმითაა აღჭურვილი.
გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ახლადშეძენილი მსჯავრდებულთა გადასაყვანი სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და ადამიანის უფლებების დაცვით, მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.