ომბუდსმენი „არტპალასს“ შშმ პირის პირდაპირ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ომბუდსმენის აპატარი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი” უცვლელად გთავაზობთ.
,,საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 17 ივლისს რეკომენდაციით მიმართა შპს „არტპალასს“ შეიმუშავოს შიდა დოკუმენტი (დებულება/წესები/პრინციპები), რომლითაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს შშმ პირებისთვის მასში ღირსეულად მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები.
2015 წლის 12 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამო. აღნიშნული საიუბილეო საღამოს ბილეთები შეძენილი ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც, რომელთაც, შენობის არასათანადო ადაპტირების გამო, არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ ზემოხსენებულ ღონისძიებას. ვინაიდან გამოიკვეთა შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით პირთა სავარაუდო დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2015 წლის 13 თებერვალს თავისი ინიციატივით დაიწყო აღნიშნული ფაქტის შესწავლა.
შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ შპს „არტპალასმა“ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია მ. დ.-ს მიმართ, მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო”.