პროდიუსერ კახი მამულაშვილს („მამულიჩა“) აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
მამულაშვილმა დანაშაული სრულად აღიარა.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 სექტებმრისთვის ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ორი დღის წინ დააკავა.
დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს, ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მას ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.