ლიკა კიკიანი პროკურატურაში მისი საქმის მიმდინარეობას გაეცნობა. ამის უფლება კიკიანს მას შემდეგ მიეცა რას დაზარალებულად ოფიციალურად ცნეს.
დღესვე კიკიანი აპირებს პროკურატურას განცხადებით მიმართოს. მისი მტკიცებით, სამართალდამცველები ვაკის პოლიციის განყოფილებიდან მიზანმიმართულად უვრცელებენ ჭორებს, თითქოს ის ნარკოტიკების გამსაღებელია.
„მინდა, რომ განცხადება შევიტანო და მათ დახმარებით მივმართო, იმიტომ რომ პოლიციას უნდა რომ შემეშინდეს და გავჩერდე. სასაცილო ჭორებს მივრცელებენ. სადაც ორი კვირა გაგრძელდა ეს ამბავი და ვერ მომერიენ, ეხლა საერთოდ არ გავჩერდები,“ - განაცხადა ლიკა კიკიანმა.
9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მიმართ ჯგუფურად, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მიმდინარეობს რაც სასჯელის ზომად რვიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.