საქართველოს საბაჟო საზღვრებზე სასურსათოდ გამოსაყენებელი გენმოდიფიცირებული პროდუქციის კონტროლი განხორციელდება, - ამის შესახებ
შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, პირველი იანვრიდან უკვე ხორციელდება გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტის კონტროლი.
"გენმოდიფიცირებულ ცოცხალ ორგანიზმად ითვლება ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც აქვს გამრავლების, ან გენეტიკური მასალის გადაცემის უნარი. საუბარია ძირითადად სათესლე და სანერგე მასალებზე, მაგრამ აქვე იგულისხმება ის ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასევე გამრავლების უნარი. როგორც ცნობილია, პირველ ივლისს ამოქმედდა კანონი გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების წესების შესახებ. ამ კანონის მიხედვით შემუშავებულია ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს საბაჟოს საზღვრებზე ამ ტიპის სურსათის სასაზღვრო კონტროლის წესი. ამ წესის მიხედვით, საბაჟო კონტროლს დაექვემდებარება ყველა პროდუქტი, რომელიც გადმოკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს და მასზე უნდა იყოს მითითებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის შესახებ სპეციალური ნიშანდება. თუ ასეთი ნიშანდება არ არის, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტების მიხედვით, რომ არ შეიცავს ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროდუქტი მოხვდება რისკის პროდუქტში და გადაეგზავნება ლაბორატორიაში კვლევაზე", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისივე თქმით, მას სურს, დაამშვიდოს მოსახლეობა და უთხრას, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გაკონტროლდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც შემოვა იმპორტის სახით. ამასთან, ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით გენმოდიფიცირებული პროდუქცია აღმოჩენილი არ ყოფილა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსული.
"პირველი იანვრიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე ვაკონტროლებთ გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების იმპორტს საქართველოში. ახლა უკვე მზად არის ფინანსთა მინისტრის ბრძანებულების პროექტი, რომელზეც ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გენმოდიფიცირებული სასურსათოდ გამოსაყენებელი პროდუქტის კონტროლს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.