„ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს კულტურის მოღვაწეთა წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორება.
როგორც "ალიანსი საქართვესოსთვის" საგანგებო განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლება მიზანმიმართულ ზეწოლას ახორციელებს კულტურის მოღვაწეებზე და პოლიტიკური ნიშნით დევნის მათ.
"ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია ცნობილი ქართველი საოპერო მომღელის პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი სწორედ პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული.
ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან მოხსნეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე, ასევე ხორციელდება ზეწოლა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე დიმა ჯაიანზე.
„ალიანსი საქართველოსთვის" ვერ შეურიგდება კულტურის სფეროში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ცნობილი ქართველი საოპერო მომღელისა და ქველმოქმედის პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც დღემდე გრძელდება. ცოტა ხნის წინ, კულტურის სამინისტრომ, თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლა ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. აშკარაა, რომ პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან მოხსნეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის, კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ ხორციელდება ზეწოლა სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე დიმა ჯაიანზე, რომ მან თანამდებობა დატოვოს. „ალიანსი საქართველოსთვის" მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს კულტურის მოღვაწეთა წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც შეურაცხყოფს საზოგადოებას და კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობას ხალხსა და ხელისფლებას შორის", _ ნათქვამია "ალიანსი საქართველოსთვის" განცხადებაში.