ათენი ევროკავშირს ვალის 30%-ის ჩამოჭრას მოსთხოვს. როგორც ,,ბიბისი” იტყობინება ეს არის წინადადება, რომლითაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი დღეს, ევროზონის საგანგებო სამიტზე ევროპელ ლიდერებს წარუდგენს.
მედიის ინფორმაციით, გერმანია ვალის უპირობო ჩამოჭრას სავარაუდოდ, არ დათანხმდება, რადგან მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ევროს ვალუტას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
თუმცა, პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის კარი საბერძნეთთან მოლაპარაკებისთვის კვლავ ღია რჩება.
ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა ათენს კრედიტორებთან დისკუსიის განახლებისა და საქმიანი წინადადებების შეთავაზებისკენ მოუწოდეს, რამაც ქვეყანა ევროზონის დატოვებისგან უნდა გადაარჩინოს. მათივე რეკომენდაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ შეთავაზებათა პაკეტი ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინონ.
საბერძნეთი დეფოლტის საფრთხის წინაშეა, ვინაიდან მას 331 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი მართებს საერთაშორისო კრედიტორებთან. ბანკები ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათამდე კვლავ დაკეტილი რჩება.