საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა. ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები და თურქმენეთის დელეგაცია ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების შემადგენლობით დაესწრნენ.
თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპატიო აკადემიკოსის წოდება მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ გადასცა.
როგორც გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, ეს არის მეცნიერებათა აკადემიის ერთსულოვანი გადაწყვეტილება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის დიდი პატივია მის საპატიო წევრად აირჩიოს თურქმენეთის პრეზიდენტი, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი პოლიტიკოსი.
როგორც კვესიტაძემ განაცხადა, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის დიდი ძვრები, რომელიც თურქმენეთის აღმშენებლობაშია გატარებული. მისი თქმით, თურქმენეთში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მეცნიერებას და მის განვითარებას.
კვესიტაძის თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის არჩევა მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსად განპირობებულია მისი წვლილით, რომელიც თურქმენეთის პრეზიდენტს შეტანილი აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ქართველ და თურქმენ ხალხს შორის ურთიერთობის განვითარებისთვის.
თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა ჯილდოსთვის მადლობა გადაიხადა და აღნიშნა, რომ საპატიო აკადემიკოსის დიპლომის მიღება არის განსაკუთრებული პატივისცემის ნიშანი.
მისივე თქმით, თურქმენეთში დიდი ყურადღება ექცევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას და ხდება ხელშეწყობა სამეცნიერო და კვლევითი ცენტრების ჩამოყალიბების კუთხით.
როგორც ჟურნალისტების პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე.
"დღეს არის თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტის მეორე დღე და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადაწყვეტილებით, საპატიო აკადემიკოსის წოდება მიენიჭა", - განაცხადა აბაშიშვილმა.
ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და აღნიშნა, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკას, არამედ არის კულტურული, სამეცნიერო თვალსაზრისით სერიოზული კავშირები.