ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საკრებულოს წევრმა, პაატა ჯიბლაძემ საკრებულოსთვის თბილისის მერის, გიგი უგულავას მიერ საკრებულოსათვის წარდგენილი ქალაქის რაიონების ახალ ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის პროექტი გააპროტესტა და საკრებულოს სხდომა დატოვა.
პაატა ჯიბლაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი დამატებით ხარჯებს მოითხოვს და როდესაც ხელისუფლება "ქამრების შემოჭერაზე" საუბრობს აღნიშნული პროექტი ამას ეწინააღმდეგება.
პაატა ჯიბლაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ემსახურება ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თითოეული უბნის მაქსიმალურ კონტროლს ხელისუფლების მხრიდან.
"ხელისუფლებას ეშინია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება, ამიტომ, გადაწყვიტა, რომ მაქსიმალური კონტროლი განახორციელოს ქალაქის ყველა უბნებზე და იქ თავიანთი კოორდინატორები დანიშნოს, ასევე ეს ეწინააღმდეგება იმ ე.წ ქამრების შემოჭერის პრინციპს, რომელზეც ხელისუფლება აქტიურად საუბრობს, რადგან პროექტი დამატებით ხარჯებს მოითხოვს", _ განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.
თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ჯიბლაძეს განუმარტა, რომ პროექტი არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს და თანხები თითოეულ ტერიტორიულ ერთეულზე გამგეობებიდან გადანაწილდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა გიგი უგულავამ დედაქალაქის საკრებულოს წევრებს ქალაქის რაინების ახალ ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის პროექტი დღეს წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით ქალაქის მასშტაბით არსებულ 6 რაიონულ გამგეობაში 30 ასეთი ერთეული შეიქმნება.
უგულავას განცხადებით, პროექტის მიზანია მოსახლეობისათვის მომსახურების გამარტივება, იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისივე უბანში მარტივად და დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის სოციალური, იურიდიული და სხვა მუნიციპალური მომსახურეობა.