პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანაფისა და მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიციატორს, ოპოზიციონერ დეპუტატ გოგა ხაჩიძეს პირველად მოუსმინა.
კომიტეტმა საკითხზე დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იმსჯელა და კანონპროექტს კენჭი უყარა. ხაჩიძის მიერ მომზადებული ცვლილებებს კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, თუმცა, მათ პრინციპი გაიზიარეს, რომ მარიხუანისა და კანაფის მოხმარებისთვის, მათ შორის განმეორებით მოხმარებისთვისაც, ადამიანის თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ხდებოდეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ალტერნატიული წინადადება წარმოადგინა, რომლის მიხედვით, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 273-ე მუხლით მარიხუანისა და კანაფის მოხმარებისთვის დარჩება ის სანქციები, რომელიც არ არის საპატიმრო ხასიათის, კერძოდ, ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და შესაძლოა მომზადდეს ასევე სხვა ტიპის არასაპატიმრო სასჯელები.