უკრაინა ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც რუსეთის ორი ოლიგარქი - ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიიდან ამოიღეს, ოფიციალურად უპასუხებს.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავიდანვე მიუღებლად მიიჩნევდა და მას „აღმაშფოთებელი ისტორია“ უწოდა.
„ბოლო წუთამდე, როგორც საჯაროდ, ისე კულუარებში ვიბრძოდით, რომ ეს არ მომხდარიყო“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, საკითხი ჯერ დახურული არ არის და უკრაინა ევროკავშირთან სანქციების გამკაცრების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„ჩვენი პასუხი ასიმეტრიული იქნება. თქვენ ორი ოლიგარქი ამოიღეთ, ჩვენ კი დამატებით 20-ს შევიყვანთ. მოვამზადეთ სია, რომელშიც 20-ზე მეტი რუსი ოლიგარქია. ამასთან, ამ ორ პირს კვლავ დავაბრუნებთ. ახლა ფორმალიზების ეტაპზე ვართ“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრს არ დაუკონკრეტებია, სანქცირების რა მექანიზმს გამოიყენებს უკრაინა. მისი თქმით, კიევი ასევე მუშაობს იმაზე, რომ უსმანოვი და ფრიდმანი უკრაინის ეროვნულ სანქცირებულთა სიაში შეიყვანონ.
„პრეზიდენტმა ეს უკვე დაამტკიცა. გარდა ამისა, ეროვნულ დონეზე ვმუშაობთ, რათა უსმანოვი და ფრიდმანი ეროვნული იურისდიქციების სანქცირებულთა სიებში მოხვდნენ. კანადა გვიდასტურებს, რომ საკუთარი სიიდან არ ამოიღებს. გვაქვს დიდი ბრიტანეთი, იაპონია და ავსტრალია. ასევე ვიმუშავებთ, რომ ამ ორ პირზე სანქციები ყველა სხვა შესაბამისმა ქვეყანამაც გაავრცელოს“, - განაცხადა სიბიჰამ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. ასევე, სანქციები დაუწესა ესტონეთმაც.