საბერძნეთის დეფოლტისაგან გადასარჩენად, მსურველები ფულს აგროვებენ. პროექტის ორგანიზატორთა თქმით, თუკი ევროპის ყოველი მოქალაქე, ანუ 503 მილიონი ადამიანი, 3 ევროს გადაიხდის, საბერძნეთისთვის ფული შეგროვდება.
თანხა ქრაუდფანდინგ საიტ indiegogo-ს მეშვეობით გროვდება და Marketwatch-ის ინფორმაციით, 500-მა მსურველმა, საბერძნეთის დასახმარებლად, უკვე გაიღო 8 ათასი ევრო. იდეის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თუკი მსურველები გადაიხდიან 10 ევროს, ისინი მიიღებენ ფასდაკლების ვაუჩერს ბერძნული მინერალური წყლის შესაძენად. 25 ევროს გადახდის შემთხვევაში კი, ბერძნული ღვინის შესაძენ ვაუჩერს მიიღებენ.
საბერძნეთმა დღეს ვაშინგტონის დროით 18:00-ზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) 1,6 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი უნდა დაუბრუნოს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყანას შესაძლოა ფული არ ჰქონდეს, რაც დეფოლტს გამოიწვევს.