სირიაში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვას, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა.
მისივე თქმით, საქართველო ტერორიზის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქმედებს იმ მეთოდებით, როგორც ევროკავშირის ქვეყნები.
,,ტერორიზმთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა. ჩვენ ინფორმაციის აქტიური გაცვლა-გამოცვლა და თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმოქმედებთ და ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობაზე, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და რაც მთავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები - სოციალური, სპორტული პროგრამები, იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და ამ შემთხვევაში ხეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში და მოქმედებს იმ მეთოდებით, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სირიაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. სოფელ ძიბა-ხევში მხცოვრები, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი ქალაქ კობანში შეტაკებების დროს დაიღუპა. ის რადიკალური დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფოს " მხარეს იბრძოდა. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ბორჩაშვილი საქართველოდან თურქეთის გავლით სირიაში 6 თვის წინ გადავიდა. ეს სირიაში ეთნიკურად ქისტი პანკისელის დაღუპვის მე-12 შემთხვევაა.