თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზოოპარკს არ ჰყავდა, არ ჰყავს და არც ეყოლება აღურიცხავი ცხოველი. ასე ეხმაურება სოციალური ქსელის მეშვეობით, ზოოპარკი ე.წ. ლევი ცხოველების შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„ზოოპარკს არ ჰყავდა, არ ჰყავს და არც ეყოლება აღურიცხავი ცხოველი. როგორც გვესმის, „ლევი ცხოველი“ გულისხმობს ზედმეტი ოდენობის არარეგისტრირებულ ცხოველის ყოლას რაღაც კონკრეტული მიზნით ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ცხოველი (მაგ. ვეფხვი ან ლომი, რომელსაც დღეში 7-8 კგ ხორცი სჭირდება) უნდა არჩინოს კონკრეტული ადამიანის „ჯიბემ“, რადგან საკვებით ზოოპარკის მომარაგება ხდება მკაცრად რეგლამენტირებული ნორმების მიხედვით, შესაბამისი დოკუმენტაციით და მთლიანად პროცესი არის რეგულირებული საქართველოს კანონით შესყიდვების შესახებ.
ისმება კითხვა, რისთვის შეიძლება ვინმეს დასჭირდეს ზედმეტი ე.წ. „ლევი ცხოველის“ ყოლა? ერთადერთი თეორიული აზრი შეიძლება იყოს მათი კონტრაბანდული გზით გაყიდვა. ზოოპარკებში მსხვილი და ფართოდ გავრცელებული მტაცებლების „შავი ბაზარი“ უბრალოდ არ არსებობს, რადგან ეს ჩვეულებრივი და არაიშვიათი ცხოველები (მგლები, დათვები, ლომები, ვეფხვები და ა.შ.) ყველა ზოოპარკში სწორი მოვლის შემთხვევაში კარგად მრავლდება და მსოფლიო ზოოპარკების თავსატეხია მომატებული რაოდენობების გამო.
სწორედ ამიტომაა გავრცელებული ზოოპარკებში მათი სტერილიზაციის პრაქტიკა (ჩვენი ლომების ნაწილი სტერილიზებული იყო, ხოლო დანარჩენ მტაცებლებს სპეციალური კაფსულა ჰქონდათ იმპლანტირებული, რომელიც აფერხებდა გამრავლებას). იტოვებენ გარკვეული ოდენობის მწარმოებლებს, მკაცრად კონტროლირებად ნამატს კი ზოოპარკები ერთმანეთს შორის ცვლიან ან ერთმანეთს უსასყიდლოდ გადასცემენ ევროპის ან მსოფლიო ზოოპარკების და აკვარიუმების ასოციაციის საშუალებით. ასევე, ხდება ცხოველების გაყიდვაც და ეს პროცესი რეგულირდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და, რაც მთავარია, მთავრობების მკაცრი ზედამხედველობით. ამ ფონზე, ვერავინ დაასახელებს ზოოპარკების ან კერძო პირების იმ რაოდენობას, რომელიც შავ ბაზარს ქმნის. ძნელად წარმოსადგენია დიდი მტაცებელი ცხოველის საზღვარზე უჩუმრად გაყვანა. ეს ნიშნავს, რომ ან ჩვენი საბაჟო სისტემა სრულიად ბრმა ადამიანებისგან შედგება, ან ის ჩართულია კონტრაბანდაში, რაც აბსოლუტური აბსურდია.
რაც შეეხება იშვიათ სახეობებს, რომლებიც ნამდვილად შეიძლება იყოს არალეგალური ვაჭრობის საგანი (განსაკუთრებით მათი ნაწილები - მარტორქის რქა, სპილოს ეშვი ან ტყავები). თბილისის ზოოპარკში ამგვარი სახეობებიდან იყო და არის თეთრი მარტორქა და ინდური სპილო. ისინი საბედნიეროდ გადარჩნენ და იმყოფებიან თავიანთ ვოლიერებში.
გარდა ამისა, იშვიათი სახეობებიდან გვყავდა ქოჩორა გიბონი და 2 სიამანგი, რომლებიც სამწუხაროდ დაიხრჩვნენ. ძნელია იმ ადამიანის წარმოდგენა, რომელიც სერიოზულად ფიქრობს, რომ ზოოპარკს შეუმჩნევლად შეეძლო „უჯრაში ყოლოდა დამალული“ თეთრი მარტორქა, ინდური სპილო, გიბონი ან სხვა „ლევი“ ზემოხსენებული ცხოველი“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
სტიქიამდე არსებული ცხოველების სიების გამოქვეყნებაის დაგვიანებას ზოოპარკის ადმინისტრაცია მონაცემთა ბაზის დაზიანებით ხსნის.
„თბილისის ზოოპარკს ყავდა 1000-ზე მეტი სხვადასხვა ცხოველი (წვრილი, საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვარი, ფრინველები, რეპტილიები, ამფიბიები, თევზები და ა.შ.). კატასტროფის დროს მთლიანად დაიტბორა ზოოპარკის ადმინისტრაციული შენობა, შლამმა დააზიანა მონაცემთა ბაზა და აღდგენა მოხერხდა ზოოპარკის თანამშრომლების დიდი ძალისხმევით. ამან წაიღო გარკვეული დრო. გასათვალისწინებელია, რომ, პარალელურად, ჩვენი თანამშრომლები დღისა და ღამის მანძილზე მუხლჩაუხრელად შრომობდნენ გაწმენდით სამუშაოებზე და მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ გადარჩენილი ცხოველების მოვლის უმძიმეს პროცესში“, - აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.