უკრაინის უმაღლესმა რადამ ვალენტინ ნალივაიჩენკო უშიშროების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პოსტიდან მის წასვლას 248 უკრაინელმა დეპუტატმა მისცა ხმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ნალივაიჩენკომ განაცხადა, რომ ,,ალფას” სპეცსამსახურთან ერთად მივიდოდა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და მოითხოვდა გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ანატოლი დანილენკოს დაკავებას, რომელიც მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულის ფიგურანტია.
უკრაინის უშიშროების სამსახურსა და გენერალურ პროკურატურას შორის არსებულ კონფლიქტზე ჭორები სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა და უკრაინულ მედიაში აცხადებდნენ, რომ მოსალოდნელია ნალივაიჩენკოს მოხსნა. ასევე, პოლიტიკაში მისი შესაძლო წასვლის შესახებაც გამოთქვამდნენ მოსაზრებებს.
დღეს კი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლეს რადას ნალივაიჩენკოს სამსახურიდან გათავისუფლების განცხადება შეუტანა, რაზეც დეპუტატების სასურველი თანხმობა მიიღო.