უკრაინელი ჟურნალისტის და ბლოგერის ოლეს ბუზინას მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს.
მისი თქმით, 18 ივნისს, დილით ბუზინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.
ავაკოვის ინფორმაციით, ორივე მათგანი კიევის მკვიდრია.
,,ჩვენს მიერ დადგენილია, როდის და სად იშოვეს მათ ავტომობილი, რომლითაც ბუზინას უთვალთვალებდნენ. სწორედ ამ ავტომობილის საშუალებით მიიმალნენ ისინი შემთხვევის ადგილიდან.” - წერს ის.
ავაკოვის მტკიცებით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა ხსენებულ ავტომობილს მიაკვლიეს და იქიდან ნივთმტკიცებებიც ამოიღეს.
,,სასამართლო ექსპერტიზის შედეგად მიღებულია მკვლელობაში ამ პირთა მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები.” - აღნიშნავს ავაკოვი და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ეჭვმიტანილები ყველანაირი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების და ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების შედეგად დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ოლეს ბუზინა კიევში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 2015 წლის 16 აპრილს მოკლეს.