"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოშიც გაიმარჯვა. პარტიის განცხადების თანახმად, თვითმმართველი ქალაქის, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა - ბადურ რევაზიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რევაზ არჯევანიძემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და ნიკა ვარდოშვილმა "ახალი მემარჯვენეებიდან", 2014 წლის სექტემბერში, საკრებულოს იურიდიულ კომისიას ოპოზიციური ფრაქციის შექმნის მოთხოვნით მიმართეს, თუმცა, კომისიამ მათ მოთხოვნაზე უარი უთხრა. საკრებულომ აღნიშნული საკითხი კენჭისყრაზე ჩააგდო, რაც, დეპუტატების შეფასებით, სრულიად უკანონო და არადემოკრატიული ქმედება იყო.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მათი მოთხოვნის უკანონო უგულებელყოფა, თელავის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს და კომისიის დასკვნის, საკრებულოს გადაწყვეტილებისა და ამ საქმესთან დაკავშირებული აქტებისა თუ ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე, ფრაქციის რეგისტრაციის დაუყოვნებლივ შესრულება მოითხოვეს. მიმდინარე წლის 10 იანვარს, სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. კერძოდ, გააუქმა საქმესთან დაკავშირებული საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დასკვნა თუ ბრძანება და საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაცია დაავალა. თელავის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს ბაჟის გადახდაც დააკისრა. ბადურ რევაზიშვილი, რევაზ არჯევანიძე და ნიკა ვარდოშვილი მიიჩნევენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. თუმცა თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგი ამჯერადაც უცვლელი დარჩა. 2015 წლის 29 მაისს სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
"საკრებულო აპირებს არ გაჩერდეს და გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს და თავისი უმეცრებით, კიდევ ერთხელ შეირცხვინოს თავი ამომრჩევლისა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთშორისო არასამთავრობო ორგნიზაციების წინაშე, რაც ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის ერთიან ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის პროცესს. აქ უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ თელავის საკრებულოში ამ დრომდე არც ერთი ფრაქცია არ არსებობს, რაც ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევა საზოგადოებისა და იმ არასამთავრობო სექტორის მხრიდან, რომლებიც ფრაქციების მუშაობის გაუმჯობესებისა და ზოგადად საკრებულოების ეფექტურობის ასამაღლებლად უმარავ პროგრამებს ახორციელებენ; ასევე, აღიქმება არადემოკრატიულად. როგორც ჩანს ადგილობრივ თვითმმართველობას საკრებულოში ძლიერი ოპოზიციური ფრაქციის არსებობა არ აწყობს და ყველა ღონეს ხმარობს მათ ჩამოყალიბებას ხელი შეუშალოს, რითაც საკრებულოს წევრების უფლებებსა და ზოგადად დემოკრატიულობის პრინციპებს არღვევს", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.