საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელწმიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით თბილისის მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც შაბათს, 6 ივნისს (20:00) გამარჯვებულებს გამოავლენს 4 მთავარ ნომიანაციაში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციურ-ექსპერიმენტული ფილმი. გაიცემა ჟიურის მთავარი პრიზი და დიპლომები იმ სპეციალობების მიხედვით, რომლებსაც ეუფლებიან სტუდენტები მსოფლიოს ყველა კინოსკოლაში: რეჟისურა, ხმის რეჟისურა და ოპერატორის ნამუშევარი.
სტუდენტური კინოს კვირეული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. უკვე მესამე წელია ფესტივალის აქტიური მხარდამჭერია ისრაელის საელჩო საქართველოში.
ყოველწლიურად იზრდება ფესტივალის მიმართ საერთაშორისო ინტერესი. წლის დასაწყისში დაანონსებულ ფესტივალზე 500-ზე მეტი ფილმი წარადგინეს 50-მდე ქვეყნის კინოსკოლიდან. სელექციის შედეგად საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა, მათ შორისაა: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი, არგენტინა, ამერიკა, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, ირანი, სლოვაკეთი, ისრაელი, საბერძნეთი, ჩინეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, კუბა, კანადა, იტალია, ავსტრია, ავსტრალია და საქართველო.
2015 წლის „ამირანის“ ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებით. პეტერ სლანსკი - მიუნჰენის კინოსკოლის პროფესორი, ქსიე ფეი - კინორეჟისორი და პეკინის კინოაკადემიის პროფესორი, ნენად დიზდარევიჩი - სარაევოს კინოაკადემიის დეკანი და ვადიმ პროდანი - კიშინიოვის კინოსკოლის პედაგოგი და კინორეჟისორი. ჟიურის წევრები საკონკურსო პროგრამიდან გამოავლენენ გამარჯვებულებს.
ფესტივალს რამდენიმე საპატიო სტუმარიც ჰყავს მსოფლიო კინო და ტელესკოლების ასოციაციის პრეზიდენტისა და საბჭოს სახით. 1-2-3 ივნისს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში CILECT-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ხოლო სტუმრები უნივერსიტეტის პროფესორებს, ეროვნულ კინოცენტრსა და სფეროს სხვა პროფესიონალებსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო 4 დღიანი საკონკურსო კინოჩვენება, 5 მასტერკლასი, 2 პრეზენტაცია.
საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა. იგი მოიაზრებოდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე „თავისუფალ სივრცედ“, ფესტივალმა მრავალი სახელგანთქმული რეჟისორი დააჯილდოვა მათი სტუდენტობის პერიოდში და წლების მანძლზე არაერთი ცნობილი კინოხელოვანი გახლდათ მისი ჟიურის წევრი.
2007 წელს აღდგენილი ფესტივალი მრავალწლიანი ისტორიითა და განახალებული სახით ჩაერთო კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის მსოფლიო პროცესში. მან უკვე დაიმკვიდრა თავი საერთაშორისო კინოფესტივალებს შორის, რასაც ცხადყოფს შემოსული განაცხადებების სიმრავლე, სტუმრად ჩამოსული სტუდენტები, ჟიურის წევრები და ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ფესტივალის ჯილდოს საპატიო ადგილი უჭირავს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ცხოვრებაში.
მრავალი წელია ფესტივალს ერთგული მხარდამჭერები ჰყავს: კომპანიები „ელიტ-ელექტრონისქსი“, „სარაჯიშვილი“, „ყავა პელე“ და “ნაბეღლავი“, ტელეკომპანია „MUSIC BOX”, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო “GHN”, გაზეთები „24 საათი“ და „GEORGIA TODAY”.