უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად აუციელებლია რუსეთსა და უკრაინას შორის საზღვარი ჩაიკეტოს.
,,მე სულ ვამბობ, რომ წესრიგის დასამყარებლად ჩვენ ორი რამ გვჭირდება: გავიყვანოთ ყველა უცხოური სამხედრო ნაწილი უკრაინიდან და ჩავკეტოთ საზღვარი. ქვეყნის შიგნით კი, ერთმანეთში ჩვენს საქმეებს მალევე მოვაგვარებთ.” - განაცხადა პოროშენკომ კიევის მახლობლად, ბორტნიჩში დისლოცირებული მობილური სამხედრო ქვედანაყოფის ბაზაზე ყოფნისას.
მისი განმარტებით, იმისათვის, რომ ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის უფლება დართოს, უკრაინამ სახელმწიფო საზღვრების საიმედო დაცვის ღონისძიებები მიმდინარე წლის ნოემბრამდე უნდა დაასრულოს.
,,უახლოეს პერიოდში დაიწყება მზადება საბოლოო შეთანხმების მისაღებად. სექტემბერში ევროკავშირის მისიის შემფასებელთა ბოლო ჯგუფი ჩამოვა და ნოემბრამდე ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავამთავროთ ყველაფერი, რათა მათ დავანახოთ, რომ უკრაინა თავის საზღვრებს საიმედოდ იცავს.” - უთხრა პოროშენკომ უკრაინელ ჯარისკაცებს.
ცოტა ხნის წინ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ კულიშოვმა განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-უკრაინის საზღვრის დასაცავად დამატებითი ზომები მიიღეს.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ მათ როსტოვის ოლქში, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ასკილომეტრიანი თხრილი გაიყვანეს და 40 კილომეტრზე მეტ მანძილზე ღობე გაავლეს.