განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ბავშვების სასკოლო ასაკთან დაკავშირებული პოლემიკა პოლიტიზებულია და ამ საკითხით სპეკულირება უნდა შეწყდეს. მინისტრის განმარტებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით მისი უწყება პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
„ჩვენი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და შესაბამისი დასაბუთებაც წარდგენილია. ახლა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია პარლამენტზე, რას და როგორ იმსჯელებს. თუმცა ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევთ. მათ შორის, მოუწევთ იმის გათვალისწინებაც, რომ ეს რეალობა ყოველთვის არსებობდა და რატომ გახდა სპეკულირების თემა ახლა სასწავლო პროცესის დაწყების წინ, როცა მთელი რიგი პროცედურებია გასატარებელი და სისტემა მოსამზადებელია ახალი სასწავლო წლისათვის. მხედველობაში მყავს პოლიტიკური პარტიები და უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს თემა დღის წესრიგში დააყენეს და ამით ახდენენ სპეკულირებას,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
მისივე მტკიცებით, არცერთი მშობელი, რომელიც ამ საკითხის გამო სამინისტროში წუხილით მივიდა, კითხვის ნიშნებით არ წასულა.
,,მშობლებთან ვაგრძელებთ ჩვენ კონტაქტს. რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, ეს უნდა დამთავრდეს, რადგან ბავშვები მაინც არ უნდა გახდნენ პოლიტიკური სპეკულირების მსხვერპლი. ასე რომ, იმედი მაქვს, კიდევ გადაიხედება ეს ყველაფერი და კონსტრუქციულ რეჟიმში ჩამოყალიბდებიან, რა უნდა გააკეთონ და როგორ“, - აღნიშნა მინისტრმა.
განათლების სამინისტრო მიიჩნევს, რომ ბავშვთა სასკოლო ასაკი ექვს წლამდე უნდა აიწიოს. კანონპროექტს, ამ კვირაში, პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა უყაროს კენჭი.