დღეს, 23 აპრილს, წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და სტუდენტური კლუბი "ვიტამინი" წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ღონისძიების ფარგლებში სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში მოეწყობა ბუკინისტური ბაზრობა, ხოლო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში გაიმართება გამოფენა - გაყიდვა, სხვადასხვა გამომცემლობა წარმოადგენს საკუთარ გამოცემებს.
ამასთან, სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოეწყობა "ცოცხალი ბიბლიოთეკა", სადაც წიგნები ადამიანები არიან, ხოლო მათი წაკითხვა ხდება საუბრის საშუალებით. ბიბლიოთეკაში "წიგნებად" მოწვეულნი იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები (გია მურღულია, მიხეილ ცაგარელი, ინესა მერაბიშვილი, ჯუმბერ ლეჟავა, დეფი გოგიბედაშვილი და სხვა). თითოეულ "წიგნს" ექნება თავისი სათაური და შინაარსი. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, "ცოცხალი ბიბლიოთეკა" საშუალება იქნება სტუდენტებისთვის, უფრო ახლოს გაეცნონ ლიტერატურას შიდა სამზარეულოს და ნახონ როგორ იწერება თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული წიგნები.
ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში გამოიფინება წიგნის თემაზე შექმნილი ფოტონამუშევრები და პოსტერები, რომლებზეც გამოსახული იქნება ბესთსელერების ყდები.
მცირე დარბაზში მოეწყობა ფილმის ჩვენება და დისკუსია წიგნების დანიშნლებაზე თანამედროვე სამყაროში
საღამოს სამედიცინო უნივერსიტეტის "ცისფერ" დარბაზში გაიმართება პოეზიის საღამო მუსიკალური გაფორმებით.