დეპუტატი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ პრეზიდენტი, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს და ამის გამო ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
იგი დაინტერესდა, რა პრინციპით ხორციელდება საპრეზიდენტო პროგრამები და მაგალითად დაასახელა პროგრამა "გაზი ყველა სოფელს". მისი თქმით, თუ ეს პროგრამა ბიუჯეტიდან ფინანსდება რატომ ჰქვია საპრეზიდენტო პროგრამა და თუკი პრეზიდენტი ამას იყენებს, როგორც ადმინისტრაციულ რესურსს, ამისთვის ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას.
თუმცა სხდომაზევე გაკეთდა განმარტება, რომ ეს პროგრამა კერძო კომპანიების მიერ ფონანსდება და ბიუჯეტიდან არანაირი თანხა არ იხარჯება. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ამ მიზეზით რეგისტრაციიდან ვერ მოიხსნება.
ქრისტიან-დემოკრატები კი აღნიშნული პროგრამის სახელწოდების შეცვლის ინიციატივით გამოდიან.
ამ საკითხზე საუბრისას ქრისტიან-დემოკრატებმა ალექსანდრე ხეთაგური დაადანაშაულეს იმაში, რომ პრეზიდენტი იტყუება. კერძოდ ენერგეტიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ყველა სოფლის კაზიფიკაცია ვერ მოხდება ტექნიკური და ეკონომიკური პრობლემების გამო. ხეთაგურმა კონკრეტული ციფრიც დაასახელა და აღნიშნა, რომ სოფლების მეოთხედი ანუ 20-25 პროცენტის გაზიფიცირება წარმოუდგენელია. ქრისტიან-დემოკრატების განცხადებით კი, ხეთაგურის ეს განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ პრეზიდენტი იტყუება.
"ან აღიარეთ, რომ პრეზიდენტი იტყუება, ან პროგრამას სახელი გადაარქვით და დაარქვით "გაზი სოფლების 75 პროცენტს", - განაცხადა ვეფხვაძემ.