"ეროვნულმა ფორუმმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას "ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების" პროექტის მასალა და სპეციალური წერილი გაუგზავნა.
"19 მარტს მოგმართეთ წერილით, სადაც შემოგთავაზეთ, განგეხილათ 27 თებერვალს საქართველოში მოქმედი 10 ოპოზიციური პარტიის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადებაში ჩამოყალიბებული წინადადებები, რამაც, ჩვენი აზრით, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არაერთხელ გააკეთეთ საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად ხართ, განიხილოთ ყველა ის ინიციატივა, რომელიც არჩევნების გამჭვირვალეობას და მის სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს, ჩვენს წერილსა და შეთავაზებაზე პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. 2010 წლის 20 აპრილს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის ინიციატივით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ჩავატარეთ "ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმების" პროექტის პრეზენტაცია. გიგზავნით პრეზენტაციის მასალებს და კიდევ ერთხელ გთავაზობთ, განიხილოთ აღნიშნული ინიციატივა და გამოხატოთ თქვენი პოზიცია იქ ჩამოყალიბებულ პრინციპებზე", - ნათქვამია წერილში.