დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მზად არის უკრაინის შემადგენლობაში ,,ფართო ავტონომიას” დასთანხმდეს, მაგრამ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.
სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის დენის პუშილინის თქმით, თუ კიევი ასეთ ავტონომიაზე წავა, დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკა ადგილობრივ არჩევნებს ჩაატარებს.
,,წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კიევი მომავალშიც განაგრძობს მინსკის ხელშეკრულების დარღვევას, დონეცკი სრული დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებს.” - განაცხადა პუშილინმა.
სეპარატისტები უკრაინის მთავრობას სთხოვენ, კონსტიტუციაში ისეთი მუხლი შეიტანონ, რომლის ძალითაც ,,თვითგამორკვევის უფლება” უკრაინის სხვა რეგიონებსაც მიეცემათ.
შეგახსენებთ, ე. წ. მინსკის ხელშეკრულებას ბელორუსიის დედაქალაქში 2014 წლის სექტემბერში მოეწერა ხელი და ის ცეცხლის სრულ შეწყვეტას, ,,ყველა - ყველაზე” წესით ტყვეთა გაცვლას და ისეთი რეფორმების გატარებას ითვალისწინებს, რომელთა მიხედვითაც დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებათ.
აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მეორე შეთანხმება 2015 წლის თებერვალში დაიდო, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეთანხმების პირობები გამუდმებით ირღვევა, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.