ჩეხურმა მედიამ მოსკოვში ვიზიტისა და უკრაინის მიმართ გამოთქმული პოზიციის გამო თავისი პრეზიდენტი, მილოშ ზემანი მკაცრად გააკრიტიკა.
როგორც ცნობილია, 9 მაისს მოსკოვში გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე ჩასულმა ზემანმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საჭიროებაზე ისაუბრა.
,,მოსკოვში ვიზიტისას, ზემანის მიერ გაკეთებული გზავნილები, თითქოს რუსმა პროპაგანდისტებმა დაწერეს.
ეს გზავნილებია: ევროკავშირი მოვალეა შეარბილოს რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილი სანქციები; რუსეთის ზესახელმწიფო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი; უკრაინაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი.” - წერს ჩეხური გამოცემა ,,Mladé fronty Dnes.”
ჩეხურმა მედიამ თავის პრეზიდენტს აშშ-ს ,,შავ სიაში” შეყვანილ ვლადიმერ იაკუნინთან მოსკოვური შეხვედრაც შეახსენეს და განსაკუთრებით იმის გამო გაკიცხეს, რომ მილოშ ზემანი გამარჯვების დღის აღსანიშნავად იმ აგრესორ ქვეყანაში ჩავიდა, რომლის მიერაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიებია ოკუპირებული.
გამოცემა ,,Lidove noviny”- ის განცხადებით, ჩეხეთის მეთაური ევროკავშირს უპირისპირდება, როცა ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები წლის ბოლომდე უნდა მოიხსნას.
ჩეხი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ზემანს უფლება არა აქვს, მთელი ევროკავშირის სახელით ილაპარაკოს. ასევე, როცა ის უკრაინაზე იწყებს საუბარს, არ უნდა დაავიწყდეს, თავის დროზე ჩეხოსლოვაკიის ბედი როგორ წყდებოდა მიუნჰენში.