ამერიკის საელჩო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს 450 ათასი დოლარით დააფინანსებს. გრანტს ის 18 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს.
თანხა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს მოხმარდება. კერძოდ, არასამთავრობოები დააკვირდებიან, როგორ ხდება მედიის მიერ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიის გაშუქება.
ამასთან, ისინი მონიტორინგს განახორციელებენ იმაზეც, იყენებს თუ არა ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს საკუთარი კანდიდატების მხარდასაჭერად.
"ეს დაფინანსება შეერთებული შტატების მიერ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდამჭერი პროგრამის ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერი გახდეს, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა სიები დაიხვეწოს და ხელისუფლების მიერ საკუთარი კანდიდატების მხარდასაჭერად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება არ მოხდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.