ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ კრემლთან კომუნიკაციის არხი კვლავ ღიაა, თუმცა რუსეთი ჯერჯერობით სერიოზული დიალოგისთვის მზადყოფნის ნიშნებს არ ავლენს.
კოშტამ ამის შესახებ გამოცემა Rapporteur-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროპის შესაძლო გადაწყვეტილების ფონზე, დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის, კოშტამ აღნიშნა, რომ ევროპული წარმომადგენლობის ფორმა მოლაპარაკებების ხასიათზე იქნება დამოკიდებული.
„გარკვეული მოლაპარაკებებისთვის შეგვიძლია სპეციალური წარმომადგენელი ჩავრთოთ, ასევე გამოვიყენოთ დიპლომატიური ან პოლიტიკური არხები“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირი არ ცდილობს, ხელი შეუშალოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას ან კონკურენცია გაუწიოს მას.
ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში კოშტას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პედრო ლორტიმ, კრემლთან დახურული დიპლომატიური საკომუნიკაციო არხი აამოქმედა.
კითხვაზე, გამოიყენეს თუ არა ეს არხი მას შემდეგ, კოშტამ უპასუხა, რომ „არხი ღიაა“.
„რუსეთმა იცის, რომ თუ და როდესაც ცეცხლის შეწყვეტის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ენერგეტიკული ობიექტების დაცვის გზების სერიოზულად განხილვას მოისურვებს, ამის შესაძლებლობა ექნება. მაგრამ მითხარით, შეგიმჩნევიათ რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთს ასეთი მოლაპარაკებების სერიოზულად წარმართვა სურს?“ - განაცხადა კოშტამ.