გერმანიაში 89 წლის ასაკში ლეგენდარული რუსი ბალერინა მაია პლისეცკაია გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. პლისეცკაია მოსკოვში 1925 წელს დაიბადა. მისი ოჯახი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მამა მაიას 1938 წელს დაუხვრიტეს, დედა კი ყაზახეთში გადაასახლეს. მომავალ ბალერინას დეიდა ზრდიდა. მისი შემოქმედებითი კარიერა 1942 წელს სვედრლოვსკში დაიწყო, 1943 წელს კი ის მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან დიდი თეატრის დასში აიყვანეს. 1960 წელს მაია პლისეცკაია დიდი თეატრის პრიმა გახდა. ის უნიკალური სასცენო პლასტიკითა და საცეკვაო ტექნიკით გამოირჩეოდა. 80-იან წლებში პლისეცკაია ესპანეთში მოღვაწეობდა, 1991 წლიდან კი მეუღლესთან ერთად მიუნჰენში ცხოვრობდა. ის არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის ლაურეატია.